კონსტანტინე (კოკა) ვეკუა: სილუეტები

Just another WordPress.com weblog

თავისუფალი ცურვა

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
სუნთქვის აღდგენა ომის ხანობას,
ქალაქი ჭურვით ოთხჯერ დაბეჭდეს,
ცხვირისღრუსავსე ფეხზე დავდექი
და სუნთქვაშეკრულ არაჩქარებით
ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ჩაველ.
მელოდა დედა, ცრემლმორეული,
რომ დამინახა, ვეუცნაურე,
ფერხთით დამიჯდა მძიმე დუმილით,
თეთრ სარეცელზე როცა მივწექი.
მოვიდა, მნახა ახლობლის ჯარმა,
ბევრი ჩვეული შეკითხვის დასმა,
ყოველდღიური სიყალბის ტონი
მეტი სიმძაფრით საგრძნობი გახდა.
ამაოება სიტყვით ათოვდა
სიჩუმისაგან ალესილ ფიქრებს…

…მაშინ უსიტყვოდ გავერიე თანმხლებ ტკივილებს,
მათმა სიწრფელემ მიმეგობრა ყველაზე უკეთ.

2010

Advertisements

ციური ბაგეები

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
ალბათ, შენით თვით ღმერთი მაფრთხილებს.
ღმერთი, რომელსაც ვეცემი, თუ ვმუხლგამრობ,
მუდამ ვგრძნობ გვერდში
(მხოლოდ გოლგოთაზე იმუხლებენ
და მხოლოდ გოლგოთაზე იმარჯვებენ).
მეუბნებოდი: იფხიზლე!
რადგან მის ადგილზე სხვა ყველაფერი კერპია-
ჩვენში, თუ ჩვენს გარეთ: სიკვდილია, არარაობა!
შენით მაშინ მოსიყვარულე ღმერთი მესაუბრებოდა,
ვით სიოს რხევა.
დიახ, ცათა ბაგეებო-სულის მეგობრებო:
გულის მალამო და ღამეში მზეო.
ჩემო ციურო წიგნო, ძვირფასო სულო.

შენ ღრმა ხარ, მთვარის,
ძალგიძს შეგრძნება პირველსაწყისის.
უხილავი მარადისობის სარტყელი გაკრავს გარს,
მით დალახტავ დემონებს,
მით დააზარებ ზეციურ ხმებს.
მაგრამ განა სრულად იცი?
არა, არ იცი, ჯერ არ იცი-
“ჯერ” კანონზომიერია.
თუმც, შეგიძლია-სწვდები,
რადგან შენც ამისთვის დაიბადე,
რადგან შენც წამებში იზრდები და არა წლებით.
შენც პოეზია ხარ-ამად, თვალის ჩინო.
არც შენი ცხოვრებაა ამაოებით მძიმე,
რადგან ალივით ზევით მიილტვი.

ღვთით ჩვენს სამშობლოში დანთებულო ლაჟვარდო ცეცხლო,
დედაო-დაო-პატარა ანა.

ვარდობისთვის 18, 2007 წელი
რონდინე, აიაია

ურითმო პოეზიის იმპრესიონიზმი

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
უდროობის ბნელი ტეხილები.
მარადისობის მაცოცხლებელი ტალღები.
სულში უხმო მუსიკის დენა.
გულისყურით სიცოცხლის მოსმენა-
პოეტური მელოდია.
უხილავი თავისუფლება.
სულის მეტყველი ტანგო.
დაუნდობელი ფარიკაობა ურჩხულთან.
ცოდვათა მონობის ბორკილთა მსხვრევა.
სიყვარულით ფეთქვა და გამარჯვება.
დაუკარით სიცოცხლე!
დაუკარით სიხარული!
დაუკარით სიყვარული!
და რაც შეიძლება ხმამაღლა!
დე, გიზგიზებდეს სიბნელის მლახვრავი ცეცხლი.!
მზეჭაბუკობა და მზეგრძელობა…
სიმართლის მზეობა სამყაროს!
უფალი, გვიწინამძღვრე.

ვარდობისთვის 5, 2005 წელი
რონდინე, იტალია

დიდ არს უფალი

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
დიდ არს უფალი!-
უზომოა ყოვლადწმინდის მოთმინება,
უძიროა ყოვლადძლიერის წიაღი,
რადგან ვცოდავ-
ღმერთი კი მელის!
ბოლოჟამამდე მელის და არც მტოვებს,
ტაატით მატარებს ცოდვილ შვილს:
უსაზღვროა ყოვლადწმინდის მოთმინება,
უძიროა ყოვლადძლიერის მოწყალების წიაღი.
მაგრამ ვინც ბოლომდე წარიწყმიდავს თავს
და ძილს ამჯობინებს ჭეშმარიტებას,
მისთვის მზადაა სასჯელი, ამხელა სულგრძელების შემდეგ,
რადგან ყოველი მოწყალება, ზეციური, ისევ ადამის ძისთვისაა ქმნადი.
მაშ, ვერიდოთ ბოლოჟამის რისხვას,
მაშ, ვერიდოთ ზღვის ზვირთებას.
ვისწავლოთ ცურვა, რომ მეორე ნაპირს გავაღწიოთ დაცემულებმა:
ჩვენ მარტონი არ ვართ,-
ამადაა ჩასაკლავი შიში წუთისოფლის წინაშე!
ვაჟკაცობა სჭირდება ჭეშმარიტებას,
ქრისტესმიერი სიყვარული-ნამდვილ ცხოვრებას.
მაშ, ნუ გეშინია, ადამიანო,
რამეთუ ცაც იგივეს გვმოძღვრავს.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
შემეწიე, დედაო მარიამ.

ტირისკონის 31, 2003 წელი
რონდინე, აიაია

თიატრო

leave a comment »

“თიატრო-(თიატრო, თიატრონი) სახედველი. ესე არს
ზღუდემოვლებული შუა ადგილი, სამღერელ-
საროკავნი და გარემოს მჭვრეტელთ საგომი,
სადა სტანჯვიდიან მოწამეთა”.

სულხან-საბა ორბელიანი

აჰა, ჭეშმარიტება:
გაგიჟდა ადამის მოდგმა,
სიშმაგის მორევმა შთანთქა ძე კაცისა
და ამ სრბოლაში მან დაკარგა სათავე,
რომელიც სიცოცხლით გვკვებავდა.
ირგვლივ სიკვდილი ითესება,
მრავლდებიან სისხლსმოწყურებულნი,
უზნეობის ქარიშხალი სპობს სისპეტაკეს მანამ,
სანამ არ გადაივლის.
ადამიანები?…
უგონოთ შესაქცევად გაიხადეს იდუმალი სიწმინდე,
ვერ კი ამჩნევენ-დამღუპველ ცეცლხს ეთამაშებიან,
დიახაც, ეთამაშებიან!…
ხორხოცია, ხითხითებენ,
უფრო მეტ წარმოდგენას ითხოვენ,
უფრო მეტ გართობას.
სანახაობად აქციეს ჭეშმარიტება,
მაგრამ ამაზე არ შეჩერებულან-
უკვე ვერც შეჩერდებიან:
სისასტიკე შიათ, რაც ავადმყოფობად ექმნათ…
წყაროსთვალდაკარგულნი უდაბნოს ხორშაკით სუნთქავენ
და ამიტომაც, დაუნდობლად კლავენ სულს.
მკველელები! მკვლელები! მკვლელები!!!.
ჯოჯოხეთური მხიარულების თანხლებით სჩადიან ამ
საზარელ საქმეს.
ღრეობა, ორგია რიალებს ყველგან.
გვახსოვს ის წარსული? –
ის თხემის ადგილი იყო უდიდესი თიატრო…
იქაც ხორხოცობდნენ, ხითხითებდნენ…
წარმოდგენა მაინც თუ გვაქვს, რა ჩავიდინეთ?!..
ახლაც იგივეს ჩავდივართ,
თანაც-ყოველ დღე…

უფალო, დაგვიცავ ამ ნიაღვარში,
განგვამტკიცე, ყოვლადძლიერო,
აღგვჭურვე სიბრძნით!

6 მირკანი. 2002 წ.
ქ. არეცო. აიაია

მამაცების გზა

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
ყოველი დღე შენი ნაწილი გახდეს,
არ დაკარგო იგი და დაფიქრდი,
რადგან თუ დაივიწყებ, შენც დაიკარგები.
რატომ?
რამეთუ ვერ იგემე დღის გემო.
დაე, ყოველწამ აჭაშნიკებდე შენს ცხოვრებას,
გაიგე შენი გზის ფასი, რომ მიხვდე სინამდვილეს!
რად დარბიხარ, ადამიანო??
შეჩერდი!
შეანელე სვლა, რომ მეტი იხილო,
რომ მეტი დაგამახსოვრდეს,-
განა ღვინის გამალებით მსმელი გაუგებს ღვინოს თაურ სიბრძნეს?!
თუ ჩქარობ-“იჩქარე ნელა”;
სხვა სიჩქარე დამღუპველია და ხელცარიელს გტოვებს.
იყავი ბრძენი და იბრძოლე იქამდე მისასვლელად,
ეს მამაცების გზაა…
არ იჩქარო-ყველაფერს ეწევი ღვთით!

ტირისკონის 1. 2002 წელი
რონდინე. აიაია

ლამაზი ვარდი

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
მოვწყვიტე ყვავილი,
გაქრა უმანკოება,
დაჭკნენ ფოთლები.

ლამაზო ვარდო,
გუშინ მშვენიერო, უკვე აღარ ხარ.
წარსულის სითბოა შენი ფესვები,
აწმყომ დაგაზრო,
მერმისი კი გკლავს და გაიმედებს.
ხორშაკის გრიგალში კვლავ წვიმას ელი,
რადგან იცი აღდგომა-
შენშია აღდგომა…

არ დაკარგულხარ,
მხოლოდ მოგწყვიტეს, რომ კვლავ იხარო.
გარდუვალია შენი განგება.
ცხოვრება-სიკვდილი-ცხოვრება;
აი, შენი გზა.
შენდამი ტრფობით ვსუნთქავთ უჟამოს,
შენდამი ტრფობით ვიღებთ სიცოცხლეს.

ჰოი, მშვენიერო,
ნეტარია, ვინც შენ გიხილა;
ჰოი, ცისიერო,
ნეტარია, ვინც შენით დატკბა;
რჩეულია, ვინც შენ ირჩიე;
ყოვლადძლიერი-ვინც შენით მღერის.

არ დაკარგულხარ,
ელი აღდგომას!

ახალწლისას 8, 2002 წელი
რონდინე, აიაია