კონსტანტინე (კოკა) ვეკუა: სილუეტები

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘სიბრძნე

თიატრო

leave a comment »

“თიატრო-(თიატრო, თიატრონი) სახედველი. ესე არს
ზღუდემოვლებული შუა ადგილი, სამღერელ-
საროკავნი და გარემოს მჭვრეტელთ საგომი,
სადა სტანჯვიდიან მოწამეთა”.

სულხან-საბა ორბელიანი

აჰა, ჭეშმარიტება:
გაგიჟდა ადამის მოდგმა,
სიშმაგის მორევმა შთანთქა ძე კაცისა
და ამ სრბოლაში მან დაკარგა სათავე,
რომელიც სიცოცხლით გვკვებავდა.
ირგვლივ სიკვდილი ითესება,
მრავლდებიან სისხლსმოწყურებულნი,
უზნეობის ქარიშხალი სპობს სისპეტაკეს მანამ,
სანამ არ გადაივლის.
ადამიანები?…
უგონოთ შესაქცევად გაიხადეს იდუმალი სიწმინდე,
ვერ კი ამჩნევენ-დამღუპველ ცეცლხს ეთამაშებიან,
დიახაც, ეთამაშებიან!…
ხორხოცია, ხითხითებენ,
უფრო მეტ წარმოდგენას ითხოვენ,
უფრო მეტ გართობას.
სანახაობად აქციეს ჭეშმარიტება,
მაგრამ ამაზე არ შეჩერებულან-
უკვე ვერც შეჩერდებიან:
სისასტიკე შიათ, რაც ავადმყოფობად ექმნათ…
წყაროსთვალდაკარგულნი უდაბნოს ხორშაკით სუნთქავენ
და ამიტომაც, დაუნდობლად კლავენ სულს.
მკველელები! მკვლელები! მკვლელები!!!.
ჯოჯოხეთური მხიარულების თანხლებით სჩადიან ამ
საზარელ საქმეს.
ღრეობა, ორგია რიალებს ყველგან.
გვახსოვს ის წარსული? –
ის თხემის ადგილი იყო უდიდესი თიატრო…
იქაც ხორხოცობდნენ, ხითხითებდნენ…
წარმოდგენა მაინც თუ გვაქვს, რა ჩავიდინეთ?!..
ახლაც იგივეს ჩავდივართ,
თანაც-ყოველ დღე…

უფალო, დაგვიცავ ამ ნიაღვარში,
განგვამტკიცე, ყოვლადძლიერო,
აღგვჭურვე სიბრძნით!

6 მირკანი. 2002 წ.
ქ. არეცო. აიაია

მამაცების გზა

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
ყოველი დღე შენი ნაწილი გახდეს,
არ დაკარგო იგი და დაფიქრდი,
რადგან თუ დაივიწყებ, შენც დაიკარგები.
რატომ?
რამეთუ ვერ იგემე დღის გემო.
დაე, ყოველწამ აჭაშნიკებდე შენს ცხოვრებას,
გაიგე შენი გზის ფასი, რომ მიხვდე სინამდვილეს!
რად დარბიხარ, ადამიანო??
შეჩერდი!
შეანელე სვლა, რომ მეტი იხილო,
რომ მეტი დაგამახსოვრდეს,-
განა ღვინის გამალებით მსმელი გაუგებს ღვინოს თაურ სიბრძნეს?!
თუ ჩქარობ-“იჩქარე ნელა”;
სხვა სიჩქარე დამღუპველია და ხელცარიელს გტოვებს.
იყავი ბრძენი და იბრძოლე იქამდე მისასვლელად,
ეს მამაცების გზაა…
არ იჩქარო-ყველაფერს ეწევი ღვთით!

ტირისკონის 1. 2002 წელი
რონდინე. აიაია

კითხვა-პასუხი

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
გამოხდა ხანი და უკან გავიხედე-
უკვალო გზაზე მივლია…
შავმა შეჭამა ჩემი სული
და მომშივდი, უფალო!
მომშივდა, უფალო, შენი ნათელი,
რომელიც წყურვილსაც აქრობს.
გვედრი, მიმიღო ვარდთა წიაღში
და დამაპურო სიბრძნით, მხნეობით, ჭეშმარიტებით,
მრუმით გამაძღარნი მოგმართავთ მოძღვარ ღმერთკაცს
ჩვენ-საბრალო ღმერთკაცნი.
ვისა აქვს უკვდავების გასაღები?
ვინც მომწიფებულია საამისოდ.
აი, კითხვა-აი, პასუხიც.
შემდეგ?…
გოლგოთის დაძლევა,
ზეცის მოღვაწება.
რისთვის?…
რათა კრავთან ქორწილში ვილხენდეთ.

სარწყუნისი 3, 2002 წელი
თბილისი, გეორგია

კითხვა რატომ

leave a comment »

აჰა, ჭეშმარიტება:
ახალი რა ვთქვა?
ყველაფერი უკვე თქმულია.
და მაინც რჩება ყველაფერი გამოუთქმელი.
დასაბამიდან ასე იყო, ასეც იქნება.
-რატომ?-იკითხავთ,
ვერ გაგცემთ პასუხს.
ეს რომ ვიცოდე, ვიქნები ღმერთი;
ვიქნები იგი, ვინც უნდა ვიყო, მაგრამ არა ვარ,
რადგან უღელი მადგას პირველის.
გამოუთქმელი გამოსათქმელი ჩემზე დიდია, რომც გავხდე ღმერთი.
წყალზე მეტად მისი მწყურია, მაგრამ..

მოვალთ ამ ქვეყნად, რომ ვუპასუხოთ იმ კითხვას, რატომ-ს.
დაკარგული არაფერია.
სიბრძნეა საჭირო იქამდე სავალად.

მარიამობის 5, 2001 წელი
თბილისი, გეორგია